ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე უკრაინის მხარდაჭერაზე ენტონი ბლინკენის მოწოდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ეს ნაწილიც" მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ბლინკენთან ქართველ კოლეგას საუბარი ექნება და "დამატებით თუკი რაიმე შეუძლია ამ ქვეყანას, აუცილებლად გააკეთებს".
"ილია დარჩიაშვილს მიულოცა ბლინკენმა, ჩვენმა მთავარმა მეგობარმა და მეგობრის წარმომადგენელმა და განსაკუთრებული უფლებამოსილების მქონე პირმა დანიშვნა, წარმატებები უსურვა, ისაუბრა ბევრი კარგი წერილში და იყო ერთი ნაწილი, რომელსაც ახლა ინტერპრეტირებთ. თქვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ეს ნაწილიც, მათ შორის იმიტომ, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერაში.
დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ბლინკენთან ჩვენი ქვეყნის მის კოლეგას ექნება საუბარი და დამატებით თუკი რაიმე შეუძლია ამ ქვეყანას, აუცილებლად გააკეთებს. ამ ეტაპზე, არ არსებობს თანამედროვე სამყაროში ადამიანი, რომელიც ობიექტურ მოქმედებაზე მიგვითითებს, რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს და ჩვენ არ ვაკეთებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და მზად ვართ, კიდევ მეტი გავაკეთოთ, რასაც კი შევძლებთ"- ამბობს მდინარაძე.
დღეს გავრცელდა ენტონი ბლინკენის წერილი ილია დარჩიაშვილისადმი, რომელიც 22 აპრილით თარიღდება.
წერილში სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად.
"მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს უკრაინაში, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას ომის დანაშაულებისთვის"- ამბობს ბლინკენი წერილში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.